Monday, February 13, 2012

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა

ამოცანების ამოხსნა განტოლების საშუალებით.

სწავლების საფეხური

მე-2 საფეხური. VIIკლასი.

მოსწავლეთა პროფილი

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ გვყავს.

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ქართული წინადადებების მათემატიკურ ენაზე თარგმნა, ანუ ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნა, ეს დაეხმარება მოსწავლებს ნებისმიერი სახის ამოცანები ამოხსნან და პასუხები საჭირო ენაზე დააფიქსირონ.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

განტოლებათა შედგენის საშუალებით ამოცანების ამოხსნის ჩვევების გამომუშავება.

VII.7. ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებას და ხსნის წრფივ განტოლებას.

VII.7.1. ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ერთუცნობიან წრფივ განტოლებას.

შეფასების საგანი და პროცედურები

როგორ შეუძლია ტექსტური ამოცანის შინაარსზე დაყრდნობით, ცვლადიანი გამოსახულების შედგენა და ამოხსნა.

მათემატიკური ენის ფლობის რა დონე გააჩნია.

როგორ აზროვნებს, როგორ აკავშირებს ერთმანეთთან ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს და საბოლოოდ როგორ აყალიბებს პასუხებს.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო ( გოგიშვილი, ვეფხვაძე), ფორმატზე დაწერილი წინადადებები, რომლებიც მათემატიკურ ენაზე უნდა ითარგმნოს.

დაფა, ცარცი, ფორმატის ქაღალდი.

ამოცანები დამოუკიდებელი სამუშაოებისათვის.

წინასწარი ცოდნა

ტექსტიდან გამომდინარე ცვლადის შემცველი გამოსახულების შედგენა. განტოლებები, განტოლებების ამოხსნა.

გაკვეთილის მსვლელობა / საკლასო მენეჯმენტი

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. ( 1 წთ)

აქტივობა 1. მოსწავლეებს წარვუდგინოთ ფორმატზე დაწერილი წინადადებები, რომლებიც ბავშვებმა ალგებრულ ენაზე უნდა თარგმნონ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ცნობილი ბერძენი მატემატიკოსის დიოფანტეს საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერები.

(მგზავრო! აქ დიოფანტეა დასაფლავებული, რიცხვები ღაღადებენ, რამდენად გრძელი იყო მისი სიცოცხლის ჟამი.

დიოფანტეს სიცოცხლის მეექვსედს შესანიშნავი ბავშვობა წარმოადგენდა.

მართკუთხედის სიგანე xსმ-ია, სიგრძე სიგანეზე 11სმ-ით მეტია.

ნიკო x წლისაა, მარიამი მასზე 3-ჯერ უფროსია და ა. შ.)

მოცემული ქართული წინადადებების ალგებრულ ენაზე თარგმნა მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ, ამით ისინი შეეჩვევიან ამოცანის მათემატიკური მოდელის შექმნას, მიღებული ცოდნა შესაძლებელია გავაფართოვოთ სახელმძღვანელოში მოცემული ამოცანების განხილვით. მაგალითად, შესაძლებელია ამოვხსნათ N7 ამოცანა. (25 წთ)

აქტივობა 2. დამოუკიდებელი სამუშაო: ბავშვებს ამოსახსნელად მივცეთ მარტივი ამოცანები და დავაკვირდეთ, რამდენად სწორად და დაკვირვებით გადაჭრიან ისინი პრობლემას. ეს სამუშაო საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ბავშვები და მივცეთ მითითებები, დავეხმაროთ დასახული მიზნის უკეთ გააზრებაში და ამოცანის შინაარსის გაცნობიერებაში. კლასში შესაძლებელია ამოიხსნას სახელმძრვანელოში მოცემული რამდენიმე ამოცანა, ასევე საშინაო დავალებები შეირჩეს მოცემული ამოცანებიდან. (20 წთ)

No comments:

Post a Comment